ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ... Print
Monday, 07 June 2010 13:43

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მიმდინარე წლის 2 ივნისს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს გააცნო. როგორც მინისტრმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები ბიზნესსექტორისთვის ბევრ პრივილეგიასა და საგადასახადო ვალდებულების შემსუბუქებას ითვალისწინებს. „ახალი კანონმდებლობის მიზანია, მეტი სიმარტივის, თავისუფლებისა და სანდოობის შეთავაზება ბიზნესსაზოგადოებისათვის,” - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა. ბიზნესასოციაციამ ბოლო პერიოდში ფინანსთა სამინისტროსთან ინტენსიურად ითანამშრომლა და საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით საკუთარი კომენტარები და წინადადებები წარადგინა. ამავე თემაზე ფინანსთა მინისტრმა პირველი საჯარო შეხვედრა 1 ივნისს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ბიზნესმენების შემდეგ კახა ბაინდურაშვილი მცირე მეწარმეებსა და გარე მოვაჭრეებსაც შეხვდება. საგადასახადო კოდექსი 98%-ით იცვლება. სამინისტრო იწყებს შეხვედრების სერიას მომზადებული ცვლილებების საჯარო განხილვისთვის. დაპირებისამებრ, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება მცირე ბიზნესს. მათ შეეთავაზებათ დაბეგვრის სამ განსხვავებულ რეჟიმი. სიახლეა ისიც, რომ ყოველთვიური დეკლარირების ნაცვლად, შემოვა ყოველკვარტალური დეკლარირების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ბიზნესისთვის. ერთიანდება საგადასახადო და საბაჟო ბარათები, რაც იმპორტიორებისთვის მოსახერხებელია. მიღებულია გადაწყვეტილება ადმინისტრიტების კუთხით წნეხის შემცირების თაობაზე. ცვლილებები აკანონებს საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტს და სხვა. ახალი საგადასახადო კოდექსი იურიდიულ სახეს საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების დასრულების შემდეგ მიიღებს და განსახილველად უკვე საქართველოს პარლამენტში შევა.