ბათუმში საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი „IUHB“ გაიხსნა Print
Thursday, 17 March 2016 15:16

შპს „Brothers“ 2012 წელს დაფუძნდა და ამავე წელს დაიწყო ბათუმში  მრავალპროფილური ჰოსპიტალის მშენებლობა.  მიზანი რეგიონში ისეთი მძლავრი სამედიცინო ცენტრის შექმნა, სადაც მომსახურების უმაღლესი ხარისხი იქნებოდა და პაციენტებს სამედიცინო დახმარებისათვის აღარ მოუხდებოდათ უცხოეთში გამგზავრება. პროექტის რეალობად ქცევას რამდენიმე წელი და 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია დასჭირდა. 2016 წლის 1 თებერვალს ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა პირველი პაციენტები მიიღო. შენობის საერთო ფართი 10.500 კვ. მეტრია. ჰოსპიტალი 103 პაციენტზეა გათვლილი და 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სამედიცინო პერსონალი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი პროფესიონალებით დაკომპლექტდა. მათ საშუალება მიეცათ მსოფლიო ბრენდების უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დახვეწონ თავიანთი პროფესიული უნარ-ჩვევები,  დროული და კვალიფიციური დახმარება აღმოუჩინონ პაციენტებს. ჰოსპიტალის მედიკოსები მუდმივად გადიან ტრენინგებს და ეცნობიან მედიცინის ინოვაციებს. "ძალიან მოხარული ვარ, რომ  გვაქვს საშუალება გავხსნათ ჰოსპიტალი, რომელიც არის კიდევ ერთი მაგალითი საქართველოსა და თურქეთს შორის პარტნიორობის, ძმობის და მეგობრობისა. ეს იქნება საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, სადაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მეზობელ ქვეყნებში მცხოვრებ სტუდენტებსაც ექნებათ საშუალება მიიღონ უმაღლესი ხარისხის განათლება. ჩემს ახალგაზრდობაში მქონდა ბედნიერება მესწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში, ჩემი პირველი სპეციალობით ექიმი გახლავართ და დღეს ნამდვილად კეთილი შურით მშურს იმ ადამიანების, ვისაც ექნება საშუალება ასეთ სამედიცინო სასწავლებელში ისწავლოს" განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა  სიტყვით გამოსვლისას. გიორგი კვირიკაშვილმა, ჰოსპიტალში მუშაობისთვის, მადლობა გადაუხადა თურქეთის მოქალაქეს ექიმ კარდიოლოგ ისმეთ მიქელაძეს. ჰოსპიტალი „IUHB" უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე ტექნიკითაა აღჭურვილი, რაც მოსახლეობას ზუსტი დიაგნოსტიკის ჩატარების და მაღალი ხარისხის ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობის საშუალებას მისცემს. სამომავლოდ, საავადმყოფოს კიდევ ერთი- ონკოლოგიური მიმართულებაც დაემატება. ჰოსპიტალის მშენებლობისთვის 25 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია განახორციელა. IUHB ერთ-ერთი პირველი სამედიცინო დაწესებულებაა საქართველოში, სადაც პაციენტის უფლებების დამცველის ინსტიტუტი ამოქმედდა. ჯანდაცვის სფერო უნიკალურია, ის მუდმივად საჭიროებს კაპიტალდაბანდებებს. სამომავლოდ გვსურს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში არსებულ მიმართულებებს ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილების გათვალისწინებით კიდევ რამდენიმე დაემატოს, მათ შორის ონკოლოგიური მედიცინაც.  ჩვენი მიზანი უცვლელი რჩება - თანამედროვე სტანდარტები სამედიცინო მომსახურების სფეროში, უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ინტელექტუალთა დასაქმება, გვსურს ჩვენი წვლილი შევიტანოთ  ე.წ. ინტელექტის გადინების ტენდენციის დამარცხებაში, რათა ქართველ ახალგაზრდებს აღარ მოუხდეთ სამუშაოს ძიება ევროპასა და აშშ-ში. გვჯერა, რომ ჩვენ ერთად შევძლებთ გავზარდოთ იმ საზოგადოების ჯანმრთელობის ხარისხი, ვისთან ერთადაც წლებია ვცხოვრობთ. აცხადებს საავადმოფოს წარმომადგენლობა.  საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის გახსნაზე, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რამდენიმე დღის წინ, თურქეთში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას.