ქალაქ ვროცლავში აჭარის დღეები გაიმართება Print
Sunday, 28 February 2016 08:34

25-29 თებერვალს აჭარის მთავრობის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით საპასუხო ვიზიტით პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში გაემგზავრა. ვიზიტის მთავარი მიზანია პოლონეთის რეგიონის ქვემო სილეზიასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერაა. პოლონეთის რეგიონებთან თანამშრომლობა სხვადასხვა მმართულებით დიდი ხანია წარმატებით მიმდინარეობს. პოლონური და ქართული ბიზნეს წრეების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით გაიმართება ეკონომიკური ფორუმი „ვროცლავი-ბათუმი 2016“, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა 26-28 თებერვალს პირველად მიიღო მონაწილეობა ქალაქ ვროცლავში გამართულ ტურისტულ გამოფენაში.  გამოფენა გახსნა ქვემო სილეზიის მარშალმა ცეზარ ფშიბილსკმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძემ. საგამოფენო სივრცეში გაიმაერთა აჭარის დღეები, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლი „ხორუმი“ და ანსამბლი „ბათუმი“. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ვროცლავი 2016 წელს დასახელებულია ევროპის კულტურის დედაქალაქად, რაც კიდევ უფრო ზრდის ვროცლავი-ბათუმის თანამშრომლობის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს. უკვე დაგეგმილია თანამშრომლობა ბათუმის დრამატულ თეატრსა და ვროცლავის ლეგნიცას თეატრს შორის. ვიზიტის ფარგლებში ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი შეხვდა ვროცლავის უმაღლესი საბანკო სკოლის ხელმძღვანელ პირებს. 26 თებერვალს პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ და ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალმა ცეზარი ფშიბილსკიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკოფერენცია დილის საათებში ვროცლავის ბიზნეს ცენტრში გაიმართა. რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან არჩილ ხაბაძემ და ცეზარი ფშიბილსკიმ ორ რეგიონს შორის დაწყებულ თანამშრომლობაზე და აჭარის მთავრობის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ქვემო სილეზიის მარშალმა კმაყოფილება გამოთქვა აჭარის რეგიონთან საინტერესო და მრავალმხრივი ურთიერთობის დაწყების გამო. „მოხარული ვარ, რომ საფუძველი ჩაეყარა ამ ურთიერთობას ტურიზმის, ეკონომიკის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით,“ - აღნიშნა მან. „მოხარული ვარ, რომ დღეს უკვე პოლონეთის ამ ისტორიულ ქალაქში გაიმართება აჭარის დღეები. პროგრამა მართლაც შთამბეჭდავია - დღეს ჩვენ პირველად ვღებულობთ მონაწილეობას ვროცლავის ტურისტულ გამოფენაში. პირველად ვატარებთ ასევე ბიზნეს ფორუმს ევროკავშირის წევრ ქვეყნაში. დაწყებულია თანამშრომლობა ჩვენს თეატრებსა და უნივერსიტეტებს შორის. ამ დღეებში უკვე ოფიციალურად მოეწერება ხელი რეგიონებს შორის თანამშრომლობის შეთანხმებებს. ვიზიტი მართლაც მრავალფეროვანი და საინტერესოა. მჯერა, იგი იქნება ასევე ნაყოფიერიც,“- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. პრესკონფერენციას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლაიშვილი. ფორუმის მონაწილეებმა აჭარის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე ინფორმაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული სპეციალური პრეზენტაციით მიიღეს, სადაც საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაზე და მის წევრ კომპანიებზეც ისაუბრეს, გაეცნენ აჭარის რეგიონის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლსაც.