“სტამბოლი-ბათუმი”- ბიზნეს-ფორუმი Print
Sunday, 18 October 2015 15:42

სტამბოლის სავაჭრო პალატაში საინვესტიციო ფორუმი „სტამბოლი-ბათუმი“  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.  გამართულ ბიზნეს ფორუმს 120-ზე მეტი მონაწილე დაესწრო. საინვესტიციო ფორუმი "სტამბოლი-ბათუმი" სტამბოლის სავაჭრო პალატის, საქართველოს საკონსულოს სტამბოლში, საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერითა და თანაორაგანიზატორობით გაიმართა. შეხვედრაში თურქეთში მოღვაწე მსხვილი ინვესტორები, სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ. ფორუმის ფარგლებაში აჭარის ა.რ მთავრობის წარმომადგენლებმა ინვესტორებთან ორმხივი შეხვედრები გამართეს და  განიხილეს სამომავლო ბიზნეს გეგმები ბათუმში. ფორუმის  მონაწილეებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლმა, სპეციალური პრეზენტაციის სახით, აჭარის რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, საპრივატიზაციო ობიექტებზე და ზოგადად საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე ინფორმაცია მიაწოდა. ფორუმის მონაწილეები ასევე გაეცნენ სპეციალურად მომზადებულ, აჭარის ინგლისურენოვან საინვესტიციო ვიდეო რგოლს, ხოლო რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ფორუმის ფარგლებში, ქართულმა და თურქულმა კერძო კომპანიებმა,  სხვადასხვა სექტორებიდან, კერძოდ, მშენებლობის, ტურიზმის და ლოგისტიკის სექტორიდან, მონაწილეობა მიიღეს B2B შეხვედრებში, სადაც მათ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და დასახეს სამომავლო გეგმები თანამშრომლობის მიზნით.  ბიზნეს-ფორუმი ''სტამბოლი-ბათუმი'' შესაძლოა მაისში უკვე თურქული მხარის ინიციატივით გაიმართოს. მანამდე კი აჭარას ბიზნესმენთა 200 კაციანი დელეგაცია ეწვევა. გაცვლითი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია სტამბოლის სავაჭრო პალატის ხელმღვანელთან შეხვედრაზე გაჟღერდა. არჩილ ხაბაძემ მასპინძელ მხარეს რეგიონის ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. თურქულ მხარესთან საუბრისას ხაზი გაესვა აჭარის რეგიონის, როგორც სატრანზიტო თვალსაზრისით სტრატეგიული ადგილის მნიშვნელობას. საუბარი შეეხო ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პერსპექტივებს. რეგიონის პირველი პირის თქმით აჭარის რეგიონი ცნობილი და წარმატებული უნდა გახდეს, არამხოლოდ ტურისტული თვალსაზრისით ან სასტუმრო ბიზნესით, არამედ მან უნდა დაიმკვიდროს ადგილი, როგორც სატრანზიტო რეგიონმა. აღნიშნულ ფორუმს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი ოსმან ჩალიშქან ( მჟავანაძე ) და ასოციაციის წევრი კომპანიების  წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ასოციაციამ და მისმა წევრმა კომპანიებმა სტამბულიდან ბიზნესმენები მოიწვიეს აჭარაში, ასევე წარადგინეს პრეზენტაციები აჭარის რეგიონში უკვე განხორციელებულ  და სამომავლოდ დაგეგმილ ინვესტიციებზე, გამართეს   B2B შეხვედრები თურქეთში მოღვაწე მსხვილი ინვესტორებთან  და სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებთან.