დიმიტრი ქუმსიშვილი ბათუმის საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობს Print
Tuesday, 15 September 2015 06:05

ბათუმში საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმი „ბათუმი 2015“ გაიხსნა, რომელსაც 15 ქვეყნის საინვესტიციო წრეების 250–ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.საინვესტიციო ფორუმს ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.  ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან „ბათუმი 2015“–ის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა წარმომადგენლობითი ფორუმის ჩატარებისთვის. მინისტრმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ფორუმის მხარდამჭერებს: ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკს და მის წარმომადგენელს საქართველოში ბრუნო ბალვანერას. ასევე საქართველოში მოქმედ საინვესტიციო ორგანიზაციებს, მათ შორის, საპარტნიორო და თანაინვესტირების ფონდებს.  მინისტრის განცხადებით, აჭარა საქართველოს ერთ-ერთი პრიორიტეტული რეგიონია ტურიზმის თვალსაზრისით, რაც აუცილებლად საჭიროებს საინვესტიციო პროექტების განვითარებას, შესაბამისად, ინვესტორების დაინტერესებასა და მოძიებას.  დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბათუმში მიმდინარე ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია - „ჩვენ ყველა ფორუმს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ, მიმდინარე ფორუმზე ჩვენ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ პირებს შევთავაზებთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით გაგვაჩნია. ასევე დეტალურად იქნება განხილული დაფინანსების ხელმისაწვდომობის საკითხები და ის პოტენციალი, რომელიც აქვს როგორც აჭარის რეგიონს, ისე მთლიანად ქვეყანას".  ინვესტორებთან შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოსა და ამ კუთხით არსებულ დადებით ტენდენციებზე. კერძოდ, საქართველო ბიზნესის კეთების რეიტინგში 189 ქვეყანას შორის მე–15 ადგილზეა, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s Investors Service–მა კი საქართველოს სუვერენული რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა პოზიტიურით შეცვალა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარე ფაქტორებით წარმოქმნილი გამოწვევების მიუხედავად, 2014 წელს საქართველოში ეკონომიკურმა ზრდამ 4.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება 2015 წელს, მთავრობა ამ მაჩვენებლის, მინიმუმ 2–პროცენტიან ზრდას ელის.  დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის საკითხზე. 2015 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 530 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 5 %-ით მეტია. მთლიანი მოცულობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ტრანსპორტის, კავშირგამბულობის, საფინანსო და მრეწველობის სექტორებში. მინისტრმა ასევე დიდი ყურადღება დაუთმო საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობის ზრდის ტენდენციას. კერძოდ, 2015 წლის 8 თვის მონაცემებით საქართველოს 4 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის მაჩვენებლზე 6 %-ით მეტია. ფორუმში მონაწილე ინვესტორების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამთავრობო ინიციატივამ, რომელიც გამიზნულია სხვადასხვა მიმართულებით კერძო სექტორის მხარდაჭერაზე. მათ შორის, მინისტრმა ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომელიც რეგიონებში  სასტუმროების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე ისაუბრა იმ საერთაშორისო ფორუმების მნიშვნელობაზე, რომლებიც საქართველოში უნდა ჩატარდეს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აბრეშუმის გზის ფორუმზე, რომელიც თბილისში 15-16 ოქტომბერს გაიმართება და მას სხვადასხვა ქვეყნის 600–მდე  წარმომადგენელი დაესწრება.   ფორუმის მონაწილეებს ასევე მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აჭარის მთავრობის მეთაურმა არჩილ ხაბაძემ, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ და საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ.