საქართველოსა და თურქეთის ვაჭრობის და ინვესტიციების ხიდი Print
Tuesday, 19 June 2012 19:20

 

მიმდინარე წლის 15 ივნისს სასტუმრო Holiday Inn-ში გაიხსნა ორდღიანი ბიზნესფორუმი სახელწოდებით „საქართველოსა და თურქეთის ვაჭრობის და ინვესტიციების ხიდი“, რომელსაც ესწრებოდა 100-მდე ბიზნესის წარმომადგენელი  საქართველოდან და თურქეთიდან, ასევე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია. ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევეტ მურატ ბუჰრანმა. ფორუმს დაესწრო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი კახა ბაინდურაშვილი.ღონისძიების მიზანი იყო საქართველოსა და თურქეთის ბიზნესისათვის ერთიანი პლატფორმის შექმნა, რაც სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ქართველ და თურქ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს დაამყარონ ურთიერთმომგებიანი კავშირები და განსაზღვრონ პოტენციური პარტნიორები. აღნიშნული ხიდი ასევე შესაძლებელს გახდის საქართველოსა და თურქეთში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ინფორმაციის გაცვლას და გამოცდილების გაზიარებას.ფორუმის პირველი დღე მიეძღვნა პრეზენტაციებს და ორმხრივ მოლაპარაკებებს. მეორე დღეს შედგა ვიზიტები კომპანიებში პოტენციურ პარტნიორებთან ერთად, აგრეთვე გაიმართა დამატებითი დისკუსიები.ფორუმს ესწრებოდნენ ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიები, კერძოდ სოფლის მეურნეობის და საკვების გადამუშავების, სამშენებლო მასალების, კონსალტინგის, ტურიზმის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, შეფუთვის, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სექტორების წარმომადგენლები. კომპანიებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ინდივიდუალურ და ორმხრივ ბიზნესმოლაპარაკებებში.ფორუმი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, თურქეთის ბიზნესმენთა და მრეწველთა კონფედერაციის, ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის (EPI), გაეროს შავი ზღვის არეალში ვაჭრობის და ინვესტიციების ხელშეწყობის პროგრამის მხარდაჭერით გაიმართა.