შეთანხმება საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის Print
Monday, 19 December 2011 13:56

საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმება საზღვრის გამარტივებული წესით გადაკვეთასთან დაკვშირებით  ძალაში  2011 წლის 10 დეკემბერს შევიდა.საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც ექნებათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ელექტრონული და ქართული და ინგლისურენოვანი საქართველოს მოქალაქის ახალი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შეეძლებათ მხოლოდ პირადობის მოწმობის მეშვეობით იმოგზაურონ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის. ასევე თურქეთის მოქალაქეებსაც შეუძლიათ მსგავსი ბარათის მეშვეობით საზღვრის გადაკვეთა. ოქმი „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილის სავიზო შეთანხმებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლას თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს ტერიტორიაზე 90 დღის განმავლობაში შემდეგი მოქმედი დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში:

1. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტით და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად) - ახალი ტიპის პირადობის მოწმობა, ID ბარათი;

2. საქართველოს მოქალაქის პასპორტი;

3. მეზღვაურის წიგნაკი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; ეკიპაჟის განრიგისა ან მისი ამონაწერის არსებობისას);

4. საჰაერო ხომალდის ეკიპაჟის წევრის სერთიფიკატი (სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას; შესაბამისი გენერალური დეკლარაციის ან საფრენოსნო დავალების არსებობისას. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) 9303 დოკუმენტითა და მისი არსებული დანართებით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად მანქანაკითხვადი);

5. საქართველოში დასაბრუნებლად სამგზავრო მოწმობა.