ახალი წლიდან საბაჟო გადასახადები იზრდება Print
Thursday, 07 January 2010 17:30

 

2010 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული პროდუქტის ნაწილი 12-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება.

პარლამენტმა საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებები უკვე დაამტკიცა. მთავრობა ირწმუნება, რომ საბაჟო გადასახადების კორექტირებით ადგილობრივი წარმოების სტიმულირება მოხდება. თუმცა 12-პროცენტიან დაბეგვრის რეჟიმში მოხვდა ისეთი პროდუქციაც, რომელიც საქართველოში არ იწარმოება, მაგალითად, ჰიგიენური, სამშენებლო და სარემონტო საშუალებები. დაბეგვრის ეს რეჟიმი მხოლოდ იმ ქვეყნებიდან შემოსულ საქონელს შეეხება, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმებული არა აქვს. საქართველოში შემოსული იმპორტის უდიდესი წილი თურქეთზე, უკრაინასა და აზერბაიჯანზე მოდის, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აკავშირებს. ევროკავშირთან კი საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არა აქვს. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქციის სარეალიზაციო ფასის მატებას გამოიწვევს. საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანას სხვა მიზეზიც აქვს: მსგავს და ერთგვაროვან პროდუქტზე ერთი და იგივე განაკვეთის შემოტანით მთავრობა საბაჟო პროცედურებს ამარტივებს.

 

5-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთი აღარ უქმდება. ამ განაკვეთით მომავალი წლიდან ყველის, ხაჭოსა და ღორის ხორცის გაციებული ან გაყინული პროდუქციის იმპორტი დაიბეგრება. 12-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება ის პროდუქტები, რომლებიც საქართველოშიც იწარმოება.

როგორც მთავრობაში განმარტეს, საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიზანი ის არის, რომ ადგილობრივი წარმოება უცხოურთან შედარებით წამგებიან რეჟიმში არ აღმოჩნდეს. 12%-იანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება კარტოფილი, ზეთი, შინაური ფრინველის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი და ხორცის საკვები სუბპროდუქტები, ფრინველის კვერცხი, ნატურალური თაფლი, ბოსტნეული, რძე, ხილი და ა.შ.

12%-იან დაბეგვრის რეჟიმში მოექცევა ქატოს და შოკოლადის გარკვეული პროდუქციის იმპორტიც. ასევე 12%-ით დაიბეგრება პლასტმასები და მისი ზოგიერთი ნაწარმი. კერძოდ, დაიბეგრება პლასტმასის მონოძაფის, წნელების, თერძებისა და ფასონური პროფილების, პლასტმასის მილების ხელოვნური გარსაცმების იმპორტი, რომელიც ძეხვეულის ნაწარმისთვის არის განკუთვნილი. გარდა ამისა, დაიბეგრება იატაკის, ჭერებისა და კედლების პლასტმასის ისეთი ფარების იმპორტიც, რომელიც ვინილქლორიდის პოლიმერებისგან შედგება. 12-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება პლასტმასის ფილების, ფურცლების, ფირების, ლენტების ზოგიერთი ნაწარმიც, აბაზანების, შხაპების, წყლის ჩასადინარი ნიჟარებისა და პირსაბანი ნიჟარების, ასევე უნიტაზის დასაჯდომებისა და სახურავების იმპორტიც.

დასაბეგრი პლასტმასის საქონლის ჩამონათვალში შედის საქონლის ტრანსპორტირებისა და შეფუთვისთვის საჭირო პლასტმასის ნაწარმი - პლასტმასის ყუთები და კალათები, პლასტმასის კოჭები, ბაბინები და ანალოგიური ნაწარმი ფოტო-კინოფირებისა და ლენტებისთვის. ასევე პლასტმასის სასადილო და სამზარეულო ჭურჭელი.

დაბეგვრის 12%-იან რეჟიმში მოექცა შამპუნებისა და სხვა რიგი ჰიგიენური საშუალებების იმპორტიც. ამავე რეჟიმში მოექცა ტუალეტის საპნის იმპორტი, სამკურნალო საშუალების შემცველი საპონი, ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებისა და კანის დასაბანი საშუალებები როგორც სითხის, ისე კრემის სახით; სარეცხი და საწმენდი საშუალებები, საწმენდი პასტები და სარეცხი ფხვნილები.

12-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთით დაიბეგრება საწებლის იმპორტიც. ჩაის ან მატეს ექსტრაქტების, ესენციებისა და კონცენტრატების, ჩაის ან მატეს ფუძეზე დამზადებული მზა პროდუქტების იმპორტის გარდა 12-პროცენტიანი საბაჟო გადასახადი წესდება მოხალული ვარდკაჭაჭას შემცვლელებზე ან მათ ექსტრაქტებზე, ესენციებზე და კონცენტრატებზე, საწებლების მოსამზადებელ პროდუქტებზე და მზა საწებლებზე; ასევე, საგემოვნო დანამატებსა და შერეულ საკმაზებზე, მდოგვის ფხვნილსა და მზა მდოგვზე. ამ პროდუქტებზე საბაჟო განაკვეთი აქამდე არ არსებობდა.

ტროპიკული ხილისა და ზოგიერთი ბოსტნეულის იმპორტზე საბაჟო გადასახადი ნულდება. 12-პროცენტიანი საბაჟო განაკვეთით აღარ დაიბეგრება სალათის, ქოქოსის კაკლის, ფინიკის, ლეღვის, ანანასის, ციტრუსების ნაყოფების კანის ან ნესვების ქერქის იმპორტი.

ასევე საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება რამდენიმე სამშენებლო და ტექნიკური მასალის იმპორტი. კერძოდ, კვარცის, კვარციტის უხეშად დამსხვრეული ან დაუმსხვრეველი, დახერხილი ან დაუხერხავი ან სხვა საშუალებით დაყოფილი მართკუთხა ფორმის ბლოკების ან ფილების იმპორტი.

ასევე, საბაჟო გადასახადისგან თავისუფლდება კაოლინის და თიხების კაოლინური ნარჩენის, ანდალუზიტის, კიანიტის, სილიმანიტის თიხები, მულიტი, შამოტის ან დინასის მიწები, ცარცი, ბარიუმის სულფატი, ბარიუმის კარბონატი, ჩაუმქრალი კირი, ჩამქრალი და ჰიდრავლიკური კირი, აზბესტი, ქარსი, ქარსის ნარჩენები. საგადასახადო შეღავათი შეეხო, ასევე, სტეატიტის იმპორტსაც.

“ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი გია ჯანდიერი მიიჩნევს, რომ იმპორტის გარკვეულ ნაწილზე საბაჟო გადასახადის ზრდას ადგილობრივი წარმოების სტიმულირებასთან საერთო არაფერი აქვს. გია ჯანდიერი: “იმპორტზე საბაჟო გადასახადების გაზრდა ადგილობრივი წარმოებისთვის დათვური სამსახურია, რადგან მათ კონკურენციის სტიმულს ვუკარგავთ. საბაჟო ტარიფი სულ რომ არ არსებობდეს, უცხოეთიდან საქონლის ჩამოტანა ისედაც ძალიან ბევრ რისკს უკავშირდება. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი წარმოება იმპორტთან შედარებით ყოველთვის უპირატეს მდგომარეობაშია. საბაჟო განაკვეთების გაზრდის რეალური მიზანი ის არის, რომ ბევრი ადგილობრივი პროდუქტი იმპორტირებულ ანალოგთან შედარებით უფრო პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ასეთი ნაბიჯი ადგილობრივი პროდუქციის გაიაფებას არ იწვევს - როგორც წესი, ბოლოს ადგილობრივი მეწარმე საკუთარი ნაწარმის ფასს იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამდე სწევს. იაფი და ხარისხიანი პროდუქციის მიღების ერთადერთი გზა ჯანსაღი კონკურენციაა. მეწარმე მაშინ ეძებს წარმოების და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების გზებს, როცა კონკურენტი ჰყავს. ჩვენს მწარმოებლებს რაც ყველაზე ძალიან უჭირთ, მენეჯმენტის ცოდნაა. იმის მაგივრად რომ მენეჯმენტი ისწავლონ, სახელმწიფოსგან პრივილეგიებს ითხოვენ. სამწუხაროდ, მათ ამ მოთხოვნას მთავრობაც ეთანხმება".