ICON ჯგუფი აფართოვებს თავის ბიზნესს... Print
Tuesday, 15 February 2011 13:01

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამოკვლევით, პომიდორზე ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნილება რომ დაკმაყოფილდეს, ამისთვის საჭიროა, საერთო ჯამში 200 ჰექტარზე თანამედროვე დონის სასათბურე მეურნეობები მოეწყოს. სამინისტროში ამის მაგალითად აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონში მოქმედ სასათბურე მოეურნეობას ასახელებენ. 3,5 ჰექტარზე განლაგებულია სათბური, რომელიც კომპანია ICON GROUP-ის კერძო საკუთრებაა და მთლიანობაში ამ მოდერნიზებულ სათბურში ჩადებულია 6 მილიონი დოლარის ინვესტიცია. კომპანია ICON GROUP-ი მთლიანად უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული. კომპანიაში დასაქმებულია 100 ადამიანი, ანაზღაურება ნორმალურია და, გარდა ამისა, არსებობს სოციალური დახმარება. პერსონალი სარგებლობს სხვადასხვა სერვისით და დღეში ერთჯერადი უფასო კვებით. ამ ეტაპზე ICON GROUP-ის პროდუქციაზე მოთხოვნა მიწოდებას აჭარბებს და, ამიტომაც, კომპანია საქმიანობის გაფართოებას აპირებს. ადგილობრივ ბაზარზე ის ერთადერთი კომპანიაა, რომელიც პირველი ხარისხის პომიდორს აწარმოებს და ხარისხის დამადასტურებელი ფიტოსანიტარული სერტიფიკატი აქვს. 1 კგ. პომიდვრის საბითუმო ფასი 3-3,5 ლარია. კომპანია ICON GROUP-ი, პომიდვრის გარდა, სალათის ფოთლების წარმოებითაც არის დაკავებული. ამ ეტაპზე 1კგ. სალათის ფურცლები 2,5-3 ლარად იყიდება, მაგრამ პომიდორთან შედარებით გასაღება ნაკლებია და იმ შემთხვევაში, თუ ამ ბოსტნეულზე დიდი მოთხოვნა გაჩნდება, მაშინ ამ მიმართულებითაც საქმიანობის გაფართოების მიზნით ICON GROUP-ი სათანადო ნაბიჯებს გადადგამს.