აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგია დამტკიცდა... Print
Wednesday, 26 January 2011 13:33

2011 წლის 18 იანვრის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დამტკიცებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების სტრატეგია. აღნიშნული დოკუმენტი მომზადებულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2009 წლის 25 დეკემბრის №107 განკარგულების საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ. სტრატეგიის მომზადების პროცესში ასევე ჩართული იყო ყველა სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოები და სხვადასხვა სამთავრობო დაწესებულებები.
სტრატეგიის დოკუმენტი შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკის თითქმის ყველა დარგს. ყოველი თავი წარმოდგენილია სამი ნაწილით:

1) არსებული მდგომარეობის აღწერა, 2) სვოთ ანალიზი (ძლიერი და სუსტი მხარეები, შესაძლებლობები და საფრთხეები) და 3) სტრატეგიული მიმართულებები.
სტრატეგიის მომზადების დროს გათვალისწინებული იყო შემდეგი ძირითადი მიზნები:
1. აჭარაში სიღარიბის დაძლევა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის ყველა საჭირო პირობის უზრუნველყოფა;
2. აჭარის ადამიანური რესურსების კონკურენტუნარიანობის ზრდა;
3. აჭარაში ეკონომიკური და ინოვაციური აქტიურობის ზრდა;
4. აჭარის ეკონომიკის მაქსიმალური კონკურენტუნარიანობისა და სტაბილურობის მიღწევა;
5. აჭარის კულტურული და ეკოლოგიური გარემოს შენარჩუნება და გაუმჯობესება მომავალი თაობებისათვის;
6. აჭარის ბუნებრივი რესურსების ეფექტური მართვა;
7. აჭარაში სივრცითი წესრიგის ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
8. აჭარის საქართველოს ეკონომიკაში და მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გაღრმავება, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
სტრატეგიის დოკუმენტით განისაზღვრა მომავალი ხუთი წლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონული განვითარების პრიორიტეტები:
1. აჭარის ეკონომიკური უსაფრთხოების გაძლიერება;
2. აჭარის როგორც უმაღლესი კლასის ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარება;
3. აჭარის მეტროპოლიტანური ზონების (ბათუმისა და ქობულეთის) განვითარება.