ქ. ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციის ვიზიტი აჭარაში... Print
Monday, 01 November 2010 12:41

მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში შედგა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის ქ. ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დელეგაციასთან.ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ ჯეზმი აკშაჰინმა და გენერალურმა მდივანმა თამაზ შავაძემ სტუმრებს გააცნეს ასოციაციის მუშაობა, აჭარაში არსებული საინვესტიციო გარემო და მიმდინარე საინვესტიციო პროექტები. დელეგაციის ხელმძღვანელმა ჰასან ბაიდინმა აღნიშნა, რომ ის 2004 წელს იმყოფებოდა აჭარაში და გაოცებულია მას შემდეგ განხორციელებული ცვლილებებით. “ის რომ ბათუმში არსებობს და წარმატებით ფუნქციონირებს ინვესტორთა ასოციაცია მნიშვნელოვან ფაქტორად მიმაჩნია. ინვესტორთა და ბიზნესმენთა გაერთიანებები, ერთიანი ძალისხმევით მოქმედება მნიშვნელოვანი მაჩვენებელია ბიზნესის განვითარების ახალი ეტაპისა” – აღნიშნა სტუმარმა. დელეგაცია ბათუმის მერიის მოწვევით იმყოფებოდა აჭარაში. მათ ჰქონდათ მიღება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ბ-ნ ვაჟა ბოლქვაძესთან და ქალაქის მერთან ბ-ნ რობერტ ჩხაიძესთან. ბურსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრების დაინტერესება გამოიწვია ენერგო სექტორის პოტენციალმა, მშენებლობის დარგმა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობის პერსპექტივებმა. ბურსის სავაჭრო სამრეწველო პალატა 1889 წელს შეიქმნა და მას მუშაობის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. პალატაში გაერთიანებულია რამოდენიმე ათასი ბიზნესმენი, რომლებიც თურქეთის ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ რეგიონს წარმოადგენენ.