სამედიცინო ტურიზმი – დარგი, რომელსაც საქართველოში დიდი პოტენციალი გააჩნია, მაგრამ ნელა ვითარდება… Print
Sunday, 30 January 2022 07:49

სამედიცინო ტურიზმი შედარებით ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი დარგია. მისი ზრდის ტემპები ტურიზმის სხვა სეგმენტებს შორის ყველაზე მაღალია. სამედიცინო ტურიზმის მზარდ მნიშვნელობაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში 50 ქვეყანაზე მეტს სამედიცინო ტურიზმის განვითარება სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ჰყავს აყვანილი. სამედიცინო ტურიზმმა წარმოშვა თანამედროვე ჯანდაცვის ახალი კონცეფცია: როდესაც პაციენტი თავის ქვეყანაში ვერ გადაჭრის ჯანმრთელობის პრობლემას, იგი ირჩევს მისთვის სასურველი ქვეყნის ექიმს, კლინიკას, სადაც მას შესთავაზებენ ყველაზე თანამედროვე სამკურნალო-დიაგნოსტიკურ მეთოდებს ხელმისაწვდომ ფასად. თავის მხრივ, გლობალური ეკონომიკური კონკურენციის პირობებში, სამედიცინო ტურიზმი ხელს უწყობს მედიცინის უფრო სწრაფად განვითარებას და შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეცვალოს ჯანდაცვის ეროვნული სისტემების სახე. საინტერესოა, რა პოტენციალი აქვს დღეს საქართველოს სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, არის თუ არა მასზე მოთხოვნა და რა იგეგმება ამ პოტენციალის გასავითარებლად და დასახვეწად. სამედიცინო ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია საკუთარ ქვეყანაში საჭირო სერვისის არარსებობა ან დაბალი ხარისხი. ასეთ შემთხვევებში პაციენტები ამჯობინებენ სამედიცინო მომსახურების ისეთ ქვეყნებში მიღებას, სადაც, მიუხედავად სიძვირისა, ეს უფრო მომგებიანია, რადგან ხარისხი შედარებით მაღალია. ბუნებრივია, სამედიცინო ტურიზმის მასპინძელი შეიძლება მაღალგანვითარებული ქვეყანა გახდეს. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებისათვის ამ სახის ტურიზმი პრაქტიკულად ერთადერთი შესაძლებლობაა მაღალკვალიფიციური და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მისაღებად, რადგან ეს შეუძლებელია საკუთარ ქვეყანაში. ქართველი პაციენტები სამკურნალოდ ხშირად მიმართავენ სხვა ქვეყნებს, განსაკუთრებით – მეზობელ თურქეთს. რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარება და რა გვიშლის ხელს, რომ არ ვესტუმროთ სამკურნალოდ თურქეთის რესპუბლიკას? ამ საკითხზე თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარე, საერთაშორისო საგამოფენო კომპანია `გეონეტ ექსპოს~ (მათ შორის `საერთაშორისო სამედიცინო გამოფენის~) დამფუძნებელი ოსმან ჩალიშქან მჟავანაძე გვესაუბრება. – ბატონო ოსმან, სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველო და თურქეთი სამედიცინო ტურიზმის სფეროში აქტიურად თანამშრომლობენ. ჩვენი მოქალაქეები ხშირად მიდიან თურქეთში სამკურნალოდ. თქვენი აზრით, რა პოტენციალი გააჩნია საქართველოს, რომ მისმა მოქალაქეებმა აქ მიიღონ ეფექტიანი მომსახურება და სხვა ქვეყანაში აღარ წავიდნენ სამკურნალოდ?– სამედიცინო ტურიზმის კუთხით საქართველოს ნამდვილად დიდი პოტენციალი გააჩნია. ჯერჯერობით ეს სფერო განვითარების ეტაპზეა და ძალებს ახლა იკრებს. ჩემი აზრით, წარმატების მისაღწევად კარგია მეზობელი ქვეყნებისგან მაგალითის აღება. თურქეთი ამჟამად სამედიცინო კუთხით ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა. ქართველები რატომ ირჩევენ თურქეთს? იქ ნამდვილად სთავაზობენ ხარისხიან მომსახურებას. სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ გასულ კვირას ხელი მოეწერა წამლების შემოტანას თურქეთიდან საქართველოში, რაც ერთობ მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. თურქეთი აწარმოებს ხარისხიან წამალს. შესაძლებელია წამლების გაიაფება, მაგრამ სარგებლის მაძიებლებმა ეგრევე მოგებაზე არ უნდა იფიქრონ, რადგან ეს მხოლოდ ბიზნესი არ არის, ეს ხომ ადამიანების წინაშე აღებული დიდი პასუხისმგებლობაა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელზეც თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ჯანჯღავა აქტიურად მუშაობდა და შედეგიც მიღწეულია, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, ასევე ჩვენს ჯანდაცვის სამინისტროს და ორივე ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებს – აქტიური მუშაობისთვის. დოკუმენტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა, სამედიცინო ტურიზმის განვითარება, ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და სამედიცინო სფეროში ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციის გაზიარება. – თურქეთს აქვს დიდი გამოცდილება სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის სფეროში. როგორ მიაღწია ამას? რა გზა გაიარა სამედიცინო სექტორმა ამ საფეხურამდე და რა ეტაპზეა ახლა? – ადამიანებს სურთ მაღალი ხარისხის მომსახურების მიღება ხელმისაწვდომ ფასად, რაც სამედიცინო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია. თურქეთს ყოველწლიურად დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი სტუმრობს მკურნალობისთის, რადგან ნამდვილად აქვთ კარგი სამედიცინო აპარატურა და ხარისხიანი მომსახურება. თურქეთის კლინიკებს ასევე ჰყავს გამოცდილი და წარმატებული ექიმები, რაც იქ ჩასული ადამიანებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სამედიცინო ტურიზმი ხომ ჯანმრთელობასთან და ნდობასთან ასოცირდება, ამიტომაც მეტი პასუხისმგებლობა არის საჭირო. თურქეთში სწორედ ხარისხიანმა მომსახურებამ, სამედიცინო აღჭურვილობამ განაპირობა პაციენტების ნდობა. თურქეთის კლინიკებში ჩასულ ადამიანებს ასევე ხვდებათ მაღალი სტანდარტის თარჯიმნების მომსახურება და არ ექმნებათ კომუნიკაციის პრობლემა, რაც ყველაფერთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია. თურქეთის სამედიცინო ტურიზმის წარმატება განაპირობა იმანაც, რომ ჰყავს ძლიერი ექიმები, რომელთა ხარისხიანი განათლებისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს. – როგორ უყურებთ საქართველოში სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივას? თუ ხედავთ ამის რესურსს და თუ არის მოსალოდნელი ახლო პერიოდში ამ მიმართულებით უცხოელი, მათ შორის თურქეთიდან, ინვესტორები დაინტერესდნენ? – საქართველო მდიდარი ქვეყანაა და დიდი პოტენციალი აქვს, თავისი ბუნებით, მინერალური წყლების სიმდიდრით და კურორტების მრავალფეროვნებით, მაგრამ განვითარებისთვის მთავრობის მხარდაჭერასთან ერთად გვჭირდება ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა. საქართველოში სამედიცინო ტურიზმი ნელ-ნელა ვითარდება და ვიმედოვნებ, ამ კუთხით რამდენიმე წელში ტურისტების რაოდენობაც გაიზრდება. ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს პერსპექტივა, რომ რეგიონში წარმატებული გახდეს სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით, ამისათვის აუცილებელია მთავრობასთან ერთად ვიმუშაოთ მეტი ინვესტიციის მოზიდვისთვის.