ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვერა ქობალია უხელმძღვანელებს... Print
Tuesday, 06 July 2010 09:09

3 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მინისტრი - ვერა ქობალია წარუდგინა. ნიკა გილაურმა იმედი გამოთქვა, რომ ვერა ქობალია იქნება ის მინისტრი, რომელიც სამინისტროს მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულად წარუძღვება. პრემიერ-მინისტრის თქმით, სახელმწიფოს დიდი მიღწევა აქვს ეკონომიკური განვითარების მხრივ, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს ორი სერიოზული პრობლემა - ინვესტიციების შემოდინება და პრივატიზაციის პროცესის ტემპი. “სწორედ ეს ორი მიმართულება არის ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროს უშუალო განკარგულებაში და ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა ახლადდანიშნული მინისტრისთვის” - განაცხადა ნიკა გილაურმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წარმატებები უსურვა ახლადდანიშნულ მინისტრს და მის გავლილ გზაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა, რომ ქობალია უცხოეთში მოღვაწეობდა, კერძო სექტორიდან მოდის და საკმაოდ კარგად ესმის ინვესტორების ენა, რაც დაეხმარება მას თავი გაართვას ქვეყანაში ბიზნესაქტივობების გაზრდას და პრივატიზაციის პროცესის დაჩქარებას. პრემიერ-მინისტრმა გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა ეკონომიკური განვითარების ყოფილ მინისტრ ზურაბ პოლოლიკაშვილს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნული მინისტრის, ვერა ქობალიას განცხადებით, დრო ცოტაა, გასაკეთებელი კი ძალიან ბევრია, ამიტომ აქტიური მუშაობაა საჭირო: “ჩვენ თუ გვინდა საკუთარ ქვეყანაში ტურისტები ვიყოთ, შეგვიძლია დავისვენოთ, არაფერი არ ვაკეთოთ და მივცეთ ოკუპანტებს საშუალება მართონ ჩვენი ქვეყანა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ მშრომელი ხალხი ვართ, ყველა ჩემ თანამშრომელთან ერთად შაბათ-კვირის ჩათვლით ვიმუშავებთ, რათა საქართველოს ეკონომიკა დავაყენოთ ფეხზე, გავაძლიეროთ მცირე ბიზნესი, შემოვიყვანოთ ბევრი ინვესტორი და ტურისტი ქვეყანაში. ეკონომიკის გაძლიერებაზე ვისაუბრებ მანამ, სანამ თითოეულ ადამიანს არ ექნება ნორმალური ცხოვრების საშუალება” - განაცხადა ვერა ქობალიამ. მინისტრი თავისი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად დასაქმებას ასახელებს და ამისთვის რამდენიმე მიმართულებით აპირებს მუშაობის გააქტიურებას, კერძოდ, ეს იქნება სოფლის მეურნეობის განვითარება, რათა საქართველოში წარმოებული პროდუქცია არა მარტო ექსპორტზე გავიდეს, არამედ გააჯეროს ადგილობრივი ბაზარი; ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებები იქნება ინვესტიციების მოზიდვა და ინვესტორებთან უკვე გამზადებული პაკეტებით მუშაობა, პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება და ტურიზმის სექტორის განვითარება. ვერა ქობალია 1981 წლის 24 აგვისტოს ქალაქ სოხუმში დაიბადა. აფხაზეთის ომის შემდეგ საცხოვრებლად ოჯახთან ერთად კანადაში გადავიდა, სადაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ვერა ქობალია წლების მანძილზე ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობდა კანადის ბიზნეს-კომპანიებსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში. იგი საქართველოში 2010 წლის თებერვალში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ორგანიზაციას "კოალიცია სამართლიანობისათვის”. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახლადდანიშნული მინისტრი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ტურიზმისა და მცირე ბიზნესის განვითარებას ასახელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ განცხადება 26 ივნისს გააკეთა, ხოლო 2 ივლისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობა და სამოქმედო პროგრამა წარადგინა, რომლის პრიორიტეტები ქვეყნის გამთლიანება და სიღარიბის დაძლევა იქნება. საქართველოს პარლამენტმა მთავრობას და მის ახალ პროგრამას ნდობა გამოუცხადა.