პრივატიზაციის პროცესის დაჩქარების მიზნით სამინისტროსა და საბროკერო კომპანიებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა... Print
Wednesday, 23 June 2010 08:46

სახელმწიფო ქონების დაჩქარებული წესით პრივატიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და უძრავი ქონების კომპანიებს შორის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდა. სამინისტროს მხრიდან ხელი მინისტრის პირველმა მოადგილე გრიგოლ გობეჯიშვილმა მოაწერა. ხელშეკრულებები გაფორმდა შვიდ საბროკერო კომპანიასთან, კერძოდ: ინდ.მეწარმე “რუსუდან მეიფარიანი” (რეალთორი), ინდ. მეწარმე მარიამ ხუციშვილი, შპს “პრივატსერვისი”, შპს “უძრავი ქონების სერვისი”, არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი “საქართველოს უძრავი ქონების ასოციაცია”, შპს “ბერუკა” და შპს “ერდო”. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკისა  და პრივატიზაციის დეპარტამენტის უფროსის გიორგი ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ითვალისწინებს უძრავი ქონების კომპანიების ჩართულობას პრივატიზაციის პროცესში, რაც გაცილებით ეფექტურს გახდის და დააჩქარებს ამ პროცესს. “უძრავი ქონების კომპანიების მხრიდან  კონკრეტულ ობიექტებზე პოტენციური მყიდველის ან ინვესტორის მოძიების შემთხვევაში სამინისტროსა და კომპანიის წარმომადგენელს შორის დაიდება ინდივიდუალური ხელშეკრულება”, - განაცხადა ბაქრაძემ.