გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს და თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა Print
Sunday, 12 June 2022 15:17

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი თურქეთ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს თავმჯდომარეს, ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს და  თურქეთის საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს (DEIK) წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისა და სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტირების შესაძლებლობები განიხილეს. გიორგი ხანიშვილმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა მეცხოველეობის, ბაგური მეცხვარეობის, ჩაის, კენკროვანი და მარცვლეული კულტურების განვითარების პოტენციალზე და ყურადღება „იმერეთის აგროზონაზე” - სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების შესაძლებლობის საკითხზე გაამახვილა. როგორც ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძემ აღნიშნა, საქართველო თურქეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია და სოფლის მეურნეობის მიმართულებით სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.