ამინდი

ვალუტის კურსი

 

News
მდინარე ხრამზე მიმდინარე პროექტის ინფორმაცია... PDF Print E-mail
Monday, 14 June 2010 13:10

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, მდინარე ხრამზე საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების ოპტიმალური სქემის შემუშავებისა და ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებისათვის ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „ენგურჰესი“ გეგმავს საკონსულტაციო მომსახურებაზე ტენდერის გამოცხადებას მდინარე ხრამზე საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების ოპტიმალური სქემის შემუშავებისა და ტექნიკურეკონომიკური შეფასებისათვის. ამ საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში სამუშაოების განხორციელება 2 ეტაპად იგეგმება: მდინარე ხრამის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალური ათვისების მიზნით ჰიდროელექტროსადგურების ალტერნატიული სქემების შემუშავება და ჰიდროელექტროსადგურების შერჩეული სქემის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასება გარემოსდაცვითი ანგარიშის ჩათვლით. დაინტერესებული კომპანიები მოწვეულნი არიან წარადგინონ ინტერესთა გამოხატვის წერილი. ამ მოწვევის საფუძველზე წარმოდგენილი კომპანიების გარკვეულ კვალიფიცირებულ ნაწილს გაეგზავნება ფორმალური მოწვევა სატენდერო წინადადების წარმოდგენაზე.

 
ინფორმაცია სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ... PDF Print E-mail
Thursday, 10 June 2010 13:45

9 ივნისს, სასტუმრო Cortyard Marriott-ში გაიმართა სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის პრეზენტაცია, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ.

ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან ჭურაძის განცხადებით, ცენტრის მთავარი ფუნქციები იქნება სახელმწიფო შიდა კონტროლი, რაც ევროკავშირის მოთხოვნაა. მისი თქმით, სახელმწიფო უწყებებში არსებული ყოფილი გენერალური ინსპექციები შიდა აუდიტის სამსახურებად ჩამოყალიბდებიან და ფინანსური აუდიტის გარდა, მათი პრიორიტეტი იქნება: რამდენად ეფექტურად იღებს მენეჯმენტი სამინისტროებში გადაწყვეტილებებს, ეფექტურად ხდება თუ არა მათი აღსრულება და რამდენად გამჭვირვალეა სამინიტროებში ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემა.

აუდიტები შეიქმნება სამინისტროებში, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში, ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობებში, დაწესებულებებში, რომლებიც საჯარო სამართლის იურიდიულ პირები არიან. გარდა ამისა, შიდა აუდიტის სამსახურები შეიქმნება ნებისმიერ ორგანოში, სადაც მიიჩნევენ, რომ მისი ფინანსური მართვა და კონტროლი უნდა იყოს გამჭვირვალე.

სამინისტროებში შიდა აუდიტის სამსახურები უნდა ჩამოყალიბდეს მიმდინარე წლის 26 ივლისამდე და ისინი ანგარიშვალდებულები იქნებიან სამინისტროების წინაშე. შემდეგ ანგარიში წარედგინება სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნულ ცენტრსაც.

ცენტრი მოამზადებს სტანდარტებს და მეთოდოლოგიას, რომელთა მიხედვითაც აუდიტის სამსახურები იმუშავებენ. შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი ანგარიშვალდებული იქნება ფინანსთა სამინისტროსა და მთავრობის წინაშე და მათ კვარტალში ერთხელ წარუდეგნს  შესრულებული სამუშაოს ანგარიშს.

სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი დაფუძნდა მიმდინარე წლის 1 მაისს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 აპრილის 215-ე ბრძანებულების საფუძველზე.

 
ინფორმაცია ახალი საგადასახადო კოდექსის განხილვებთან დაკავშირებით... PDF Print E-mail
Tuesday, 08 June 2010 10:37

2010 წლის 3 ივნისს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ბიზნესმენებს ახალი საგადასახადო კოდექსი წარუდგინა.

"მცირე წინასიტყვაობა მინდა გავაკეთო და მოგახსენოთ, თუ როგორ გაჩნადა ახალი საგადასახადო კოდექსის დაწერის იდეა.
კარგად მოგეხსენებათ, ამ მთავრობის მთავარი მიზანია კერძო სექტორის ხელშეწყობა. ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ ამაზე არის აწყობილი - კერძო სექტორის ხელშეწყობა, მაქსიმალურად ეფექტური მთავრობა და კერძო სექტორი, რომელიც აქტიური; ინვესტორები, რომლებიც არიან აქტიურები, რომლებიც აკეთებენ მოგებას საქართველოში და ქმნიან სამუშაო ადგილებს, ასაქმებენ ჩვენს თანამოქალაქეებს. ეს არის ჩვენი ძალიან მარტივი მიდგომა. ბოლო წლების განმავლობაში ამ მიზნის მისაღწევად, ძალიან ბევრი რამ გავაკეთეთ. 
გთავაზობთ ახალ საგადასახადო კოდექსს. მინდა თქვენი შენიშვნები მაქსიმალურად მოვისმინოთ. გამოყენებული იქნება ვებ-გვერდი, სადაც ყველას საგადასახადო კოდექსის ცვლილებების ნახვის საშუალება ექნება. ჩვენ ჩამოვაყალიბებთ სამუშაო ჯგუფს, რომელიც იმუშავებს კერძო სექტორთან ერთად. მინდა წარმოგიდგინოთ გიორგი პერტაია, იგი პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა, ბიზნეს-ომბუდსმენია. როდესაც საუბარი იქნება საგადასახადო კოდექსისი თქვენისეულ ხედვაზე, იქნება ერთერთი საკონტაქტო პიროვნება კერძო სექტორთან ურთიერთობაში, " - აღნიშნა ნიკა გილაურმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კოდექსის თანახმად 30 ათას ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე ბიზნესმენებს გადასახადი აღარ დაეკისრებათ. მათ, ვისაც 200 ათას ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვს, ტვირთბრუნვის გადასახადის გარდა, სხვა გადასახადი აღარ მოეთხოვებათ. 
როგორც ნიკა გილაურმა აღნიშნა, ცვლილების მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლებს გაუმარტივდეთ საგადასახადოსთან ურთიერთობა. ბიზნესსმენებს იმის საშუალბა მიეცემათ, რომ ტვირთბრუნვის 3 ან 5 პროცენტი გადაიხადონ. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესმენი გამართულად აწარმოებს ბუღალტერიას, ის 3%-ს გადაიხდის, სხვა შემთხვევაში კი 5%-ს გადასახადი დაეკისრება.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ პირს, რომელიც დაბეგვრას ადმინისტრაციული ორგანოს მითითების შესაბამისად აწარმოებს, აღარ დაერიცხება საურავი.
ახალი კოდექსის მიხედვით, აღმოჩენილ არარეგისტრირებულ ნივთზე დაწესებული იქნება კონკრეტული ჯარიმა. მაშინ, როდესაც ინვენტარიზაციისას საგადასახადოს მიერ აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, საგადასახადოს ჰქონდა უფლება ორ წელიწადზე გაევრცელებინა ჯარიმა. 
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბაჟო და საგადასახადო კოდექსები გაერთიანდება. ხოლო თანხები ავტომატურ რეჟიმში დაბრუნდება, იმ შემთხვევაში, თუ გადახდა ელექტრონული სისტემით იქნება განხორციელებული. 
ფინანსთა მინისტრის თავმჯდომრეობით შეიქმნება ხუთი წევრისგან შემდგარი აუდიტორთა საბჭო. პრემიერ-მინისტრის თქმით, ნებისმიერი ახალი გადასახადის დარიცხვაზე საგადასახადომ უფლება აუდიტორთა საბჭოსგან უნდა აიღოს.
დღგ კვარტალურად გადახდა გახდება შესაძლებელი. ეს ორთვიან უპროცენტო სესხის ანალოგია. ახალი საგადასახდო კოდექსით გადამხდელს პირველად ეძლევა უფლება, ჩამოწეროს გაფუჭებული საქონელი. 
"გვინდა გავზარდოთ მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესზე და გავზარდოთ წნეხი სპირტიან სასმელზე. ჩვენ ვცდილობთ სამართლიანი მიდგომის ჩამოყალიბებას. გვინდა გავუმარტივოთ საგადასახადო ცხოვრება ბიზნესს და მეორეს მხრივ, გვინდა თანაბრად გადანაწილდეს საგადასახადო წნეხი ბიზნესის ყველა სფეროზე", - დასძინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 
ინფორმაცია საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ... PDF Print E-mail
Monday, 07 June 2010 13:43

საგადასახადო კოდექსში მომზადებული ცვლილებები მიმდინარე წლის 2 ივნისს ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებს გააცნო. როგორც მინისტრმა განაცხადა, ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული ცვლილებები ბიზნესსექტორისთვის ბევრ პრივილეგიასა და საგადასახადო ვალდებულების შემსუბუქებას ითვალისწინებს. „ახალი კანონმდებლობის მიზანია, მეტი სიმარტივის, თავისუფლებისა და სანდოობის შეთავაზება ბიზნესსაზოგადოებისათვის,” - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა. ბიზნესასოციაციამ ბოლო პერიოდში ფინანსთა სამინისტროსთან ინტენსიურად ითანამშრომლა და საგადასახადო კანონმდებლობის დახვეწის მიმართულებით საკუთარი კომენტარები და წინადადებები წარადგინა. ამავე თემაზე ფინანსთა მინისტრმა პირველი საჯარო შეხვედრა 1 ივნისს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართა. ბიზნესმენების შემდეგ კახა ბაინდურაშვილი მცირე მეწარმეებსა და გარე მოვაჭრეებსაც შეხვდება. საგადასახადო კოდექსი 98%-ით იცვლება. სამინისტრო იწყებს შეხვედრების სერიას მომზადებული ცვლილებების საჯარო განხილვისთვის. დაპირებისამებრ, მნიშვნელოვანი ცვლილებები ეხება მცირე ბიზნესს. მათ შეეთავაზებათ დაბეგვრის სამ განსხვავებულ რეჟიმი. სიახლეა ისიც, რომ ყოველთვიური დეკლარირების ნაცვლად, შემოვა ყოველკვარტალური დეკლარირების ვალდებულება, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ბიზნესისთვის. ერთიანდება საგადასახადო და საბაჟო ბარათები, რაც იმპორტიორებისთვის მოსახერხებელია. მიღებულია გადაწყვეტილება ადმინისტრიტების კუთხით წნეხის შემცირების თაობაზე. ცვლილებები აკანონებს საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტს და სხვა. ახალი საგადასახადო კოდექსი იურიდიულ სახეს საჯარო განხილვებისა და კონსულტაციების დასრულების შემდეგ მიიღებს და განსახილველად უკვე საქართველოს პარლამენტში შევა.

 
საქართველოს სარფის საბაჟოს მოდერნიზაცია დაიწყო… PDF Print E-mail
Saturday, 29 May 2010 00:00

საქართველოს სარფის საბაჟოს მოდერნიზაციის მიზნით დაწყებული სამუშაოები ტემპს იკრებს. პროქეტის მიხედვით საბაჟო გამშვები პუნქტი გაფართოვდება და ის თანამედროვე უახლესი სტანდარტების შესაბამისი გახდება. თურქეთის მხარის მიერ საბაჟოს მშენებლობის დასრულების შემდეგ დაწყებული საქართველოს მხარის მოდერნიზაცია დაახლოებით 9 თვეში დასრულდება, რითაც სამმაგად გაიზრდება მისი გამტარუნარიანობა, უფრო გამარტივდება საბაჟო პროცედურები დ ა უკეთესად მოემსახურება გადამზიდველებს თუ ტურისტებს. მშენებლობასთან დაწყებილი საკითხების განხილვის მიზნით და მშენებლობის პერიოდში დაუბრკოლებელი გადასვლების უზრუნვესაყოფად 29 მაისს შედგა შეხვედრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და ართვინის გუბერნატორს შორის. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური კონსული ქ. ტრაპიზონში, აჭარის და ართვინის უფლებამოსილი პირები და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის გენერალური მდივანი.მშენებლობის პერიოდში 24 საათის განმავლობაში მოხდება დატვირთული ტრაილერების მომსახურება, ხოლო ტურისტებისათვის დაბრკოლებების თავიდან აცილების მიზნით ცარიელი ტრაილერები მხოლოდ ღამის საათებში გადაკვეთენ სასაზღვრო კარს.

 
საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვედრა ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის წარმომადგენლებთან... PDF Print E-mail
Friday, 28 May 2010 00:00

მიმდინარე წლის 28 მაისს საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ოფისში გაიმართა შეხვედრა ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის წარმომადგენლებთან. ასოციაციის გენ. მდივანთან ბ–ნ თ. შავაძესთან შეხვედრაზე ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის უფროსმა ბ–ნ მ. კობალაძემ და გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოების (GTZ) პროექტების ექსპერტმა ბ–ნ  ა. რევამ ისაუბრეს ორმხვრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებაზე. მხარეები უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთს წარუდგენენ კონკრეტული თანამშრომლობის წინადადებებს. ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს ექსპორტის ხელშემწყობ სამსახურს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარება გაუწია გერმანიის ტექნიკური დახმარების საზოგადოებამ(GTZ). ექსპორტის ხელშემწყობი სამსახურის ფუნქციების ეფექტურად შესრულებისთვის საინვესტიცო სააგენტოში უკვე კონკრეტული მექანიზმებიც შემუშავდა, რომელიც რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელდება. კერძოდ: HSBC ბანკთან თანამშრომლობით შეიქმნება სავაჭრო ვებ-პორტალი; ამოქმედდება ექსპორტის საინფორმაციო ცენტრი; “Help Desk” – პროგრამით მოხდება ქართველი მწარმოებლებისა და უცხოელი შემსყიდველების ინფორმაციით უზრუნველყოფა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შესაძლებლობა ერთობლივი სემინარის ჩატარების თაობაზე საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელშეწყობით ივლისის ბოლოსათვის ბათუმში, რომელზეც მოწვეული იქნებიან ამერიკელი ექსპერტები.

 
გაიმართა ფორუმ ბათუმის “შოპინგ და ლაიფსთაილ”-ის ცენტრის პირველი ქვის ჩადებასთან დაკავშირებული ცერემონიალი... PDF Print E-mail
Thursday, 27 May 2010 08:26

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს სავაჭრო ცენტრის მშენებლობის საფუძველის ჩაყრის ცერემონიაში. სავაჭრო ცენტრის საძირკველის პირველი ქვა ჩადეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ. სავაჭრო ცენტრი ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება და აღნიშნული კომპლექსის აშენებისათვის 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, რომელსაც კომპანია “თურქ-მოლი” განახორციელებს. მშენებლობა 2 წელში დასრულდება და მასში მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გაიყიდება.

 
ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის გახსნის ცერემონია... PDF Print E-mail
Thursday, 27 May 2010 08:11

ლეხ და მარია კაჩინსკების სახელობის ქუჩის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის წევრები. ქუჩა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გახსნა და მასში მონაწილეობდნენ ტრაგიკულად დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ახლობლები. კაჩინსკების სახელობის ქუჩა ბათუმის ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მდებარეობს.

 
26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღესასწაულია... PDF Print E-mail
Wednesday, 26 May 2010 00:00

საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია ულოცავს საქართველოს მოქალაქეებს ამ ღირსშესანიშნავ დღეს, უსურვებს კეთილდღეობას, წარმატებებს და ეკონომიკურ აღმავლობას.

 
ბიზნესმენებს საგადასახადო სამსახურში პერსონალური აგენტი ეყოლებათ... PDF Print E-mail
Tuesday, 18 May 2010 14:39

ბიზნესმენებს საგადასახადო სამსახურში პერსონალური საგადასახადო აგენტი ეყოლებათ. ამის შესახებ საგადასახადო შემოსავლების სამსახურის უფროსმა commersant.ge–სთან ინტერვიუში განაცხადა. აღნიშნული საკითხი საქართველოს ინვესტორთა ასოციაციამ მიმდინარე წლის თებერვლის თვეში დააყენა აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე. პერსონალური აგენტი მეწარმეებს საგადასახადო კანონმდებლობასთან მიმართებაშიც დაეხმარება, რადგანაც კოდექსში ცვლილებები საკმაოდ ხშირად შედის. იგი ბიზნესმენებს კომპანიის შემოწმების დროსაც გაუწევს სამსახურს და საგადასახადოსა და გადამხდელების ურთიერთობას გაამარტივებს. გიორგი ცხაკაიას თქმით, პერსონალური აგენტი მეწარმეებს საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობას გაუმარტივებს და ამ მომსახურებას ბიზნესმენებს  უახლოეს პერიოდში შესთავაზებენ. პერსონალური აგენტის კონკრეტული ფუნქციების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე  არ გამოქვეყნებულა. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ საგადასახადო აგენტი იმავე ფუნქციას შეასრულებს, რასაც საბანკო სექტორში პერსონალური ბანკირი. სპეციალისტების შეფასებით, ეს შემოსავლების სამსახურის და გადამხდელების ურთიერთობას გაამარტივებს.  თუ კომპანიებს საგადასახადო კანონთან დაკავშირებით პერსონალური აგენტი დაეხმარება, ნაკლები პრობლემები იარსებებს. საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია მიესალმება პერსონალური საგადასახადო აგენტის სამსახურის შემოღებას და იმედს გამოთქვმს, უახლოეს მომავალში მისი ამოქმედებით კიდევ უფრო ხელი შეეწყობა საქართველოში საინვესტიციო გარემოს გაუჯობესებას.

 
<< Start < Prev 111 112 113 114 115 116 117 118 119 120 Next > End >>

Page 119 of 122